სისხლი მოზრდილი ადამიანის სხეულის მასის 7-8%-ს შეადგენს. ეს ქსოვილი თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია.მისი საერთო მოცულობის მეოთხედის დაკარგვამაც კი შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ადამიანის სისხლი, იყოფა რამდენიმე ჯგუფად და, ასევე, რეზუსფაქტორის კუთვნილების მიხედვით – რეზუსდადებით და რეზუსუარყოფით სისხლად. რეზუსფაქტორი არის ცილა, რომელიც ერითროციტების ზედაპირზეა მოთავსებული. მოსახლეობის უმეტესობას ეს ცილა აქვს და, ამგვარად, მათი სისხლი რეზუსდადებითია, ხოლო მცირე ნაწილს – არა და მათი სისხლი რეზუსუარყოფითია. რეზუსფაქტორი სისხლის ჯგუფობრიობასთან კავშირში არ არის – რეზუსდადებითი ან რეზუსუარყოფითი ნებისმიერი ჯგუფის სისხლი შეიძლება იყოს. რეზუსკუთვნილება აუცილებლად გასათვალისწინებელია სისხლის გადასხმის დროსაც – რეზუსუარყოფითი და რეზუსდადებითი სისხლი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია. წლების წინ ეს სერიოზული პრობლემა იყო, თუმცა დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ სისხლის გადასხმისას რეციპიენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია და რეზუსშეუთავსებელი სისხლის გადასხმა პრაქტიკულად აღარ ხდება. თითოეულ რეზუსს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A, B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება
