როგორ გადაეცემა შიდსის ვირუსი?

ცნობილია შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა: • სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და ორალური); • ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით (აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას); • ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით (მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს). გახსოვდეთ, შიდსის ვირუსი არ გადაეცემა: • ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი; • საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრი, სტადიონი, საცურაო აუზი და სხვ. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა; • ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით. შიდსის ვირუსით ინფიცირების დიაგნოზის დასმა სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში საკუთრივ ვირუსის, მისი ცალკეული ცილების (ანტიგენები) ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენას. შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში ჩნდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან მხოლოდ 6-8 კვირის შემდეგ, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს შესაძლო ინფიცირების მომენტიდან სულ ცოტა თვენახევრის შემდეგ. სადღეისოდ არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან რაიმე სამკურნალო საშუალება. მაგრამ იმედისმომცემია ბოლო დროის მიღწევები ანტივირუსული პრეპარატების შექმნის სფეროში.

კომენტარის დამატება