აპენდიციტი არის ჭია ნაწლავის (ბრმა ნაწლავის დანამატი) ანთება. იგი განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, სიცოცხლის მეორე და მესამე ათწლედში, თუმცა შეიძლება ყველა ასაკში შეგვხვდეს. ჭია ნაწლავის ანთების გამომწვევი უშუალო მიზეზია ინფექციის შეჭრა და გავრცელება მის კედელში, აქ ინფექცია ორი გზით შეიძლება მოხვდეს: ენტერეგენული და ჰემატოგენური გზით. არჩევენ ქრონიკულ და მწვავე აპენდიციტს. მწვავე აპენდიციტის დროს მასში მიმდინარე მორფოლოგიური ცვლილებების მიხედვით არჩევენ შემდეგ ფორმებს: მწვავე კატარული აპენდიციტი; მწვავე ფლეგმონოზური აპენდიციტი; მწვავე დესტრუქციული აპენდიციტი, რომელიც იყოფა ორ ფორმად: მწვავე კატარული აპენდიციტი და მწვავე პერფორაციული აპენდიციტი. მწვავე აპენდიციტი იწყება უეცარი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, უფრო ხშირად მარჯვენა თეძოს ფოსოში, რაც ჭიანაწლავის ანატომიურ მდებარეობას შეესაბამება. არცთუ იშვიათად შეტევის დასაწყისში ტკივილი მთელს მუცელში ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარჯვენა თეძოს ფოსოში შეიგრძნობა. ტკივილი თანდათან ძლიერდება მდებარეობის შეცვლის დროს, განსკუთრებით მარცხენა გვერდზე წოლისას. ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვსთ გამოხატული. ტკივილს ხშირად თან სდევს გულისრევა და ღებინება. ბავშვებს უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხოლო მოხუცებს შეიძლება სრულებით არ ჰქონდეთ. ქრონიკული აპენდიციტი, რომელსაც ახასიათებს მუდმივი ან პერიოდული ყრუ ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში, ყოველთვის შესაძლებელია გადაიზარდოს მწვავე აპენდიციტში. დიაგნოზის დასმისას მნიშვნელოვანია პალპაციის მეთოდი: მწვავე აპენდიციტის დროს კუნთების რიგიდობა დამოკიდებულია მწვავე აპენდიციტის მდებარეობაზე და ანთებითი პროცესის გავრცელებაზე. ასევე დიაგნოსტირებისას აუცილებელია ლაბორატორიული კვლევის მონაცემების (სისხლის და შარდის საერთო ანალიზი) გათვალისწინება. მწვავე აპენდიციტის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია.
