რა არის ათეროსკლეროზი და როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ

ათეროსკლეროზი – ელასტიკური (აორტა, მისი ტოტები) და კუნთოვან – ელასტიკური (გულის, თავის ტვინის არტერიები და სხვ.) ტიპის არტერიების ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ერთეული ან მრავლობითი ლიპიდური კერების, უპირატესად კი ათერომატოზული ბალთების ფორმირებით არტერიის შიგა გარსზე. სისხლძარღვის კედლის სკლეროზი და კალცინოზი იწვევს სანათურის დეფორმაციასა და შევიწროებას, არტერიის სრულ ობლიტერაციამდე; შედეგად ვითარდება იმ ორგანოს სისხლმიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობა, რომელიც იკვებება დაზიანებული არტერიით. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს არტერიის სანათურის მწვავე დაცობა (ოკლუზია) თრომბით, ან (შედარებით იშვიათად) დაშლილი ათეროსკლეროზული ბალთის შემცველობით, ან ორივეთი ერთდროულად, რაც იწვევს ორგანოში (სხეულის ნაწილში) ნეკროზის (ინფარქტი) ან განგრენის კერების წარმოქმნას. ათეროსკლეროზი განსაკუთრებით ხშირია მამაკაცებში 50 – 60 წლის ასაკში და ქალებში 60 წლის ასაკის ზევით. პათოგენეზი რთული და სრულად გაშიფრული არ არის. რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება ასაკი, სქესი, მემკვიდრულობა, ანუ მიზეზები რომელთა აღკვეთა შეუძლებელია. სხვა მიზეზებს, რომელთა აღკვეთაც შესაძლებელია, მიეკუთვნება: არტერიული ჰიპერტენზია, ალიმენტური სიმსუქნე, თამბაქოს წევა; მესამე ჯგუფს მიეკუთვნება მიზეზები, რომელთა აღკვეთაც ნაწილობრივადაა შესაძლებელი: ჰიპერლიპიდემიის სხვადასხვა სახეები, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების არასაკმარისი დონე. რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება აგრეთვე: არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, ჭარბი ემოციური გადაძაბვები და პიროვნული თავისებურებები. ყველა ზემოთ აღწერილი რისკის ფაქტორებისადმი საწინააღმდეგო მოქმედება, ან სრული ან არასრული აღკვეთა ფაქტორებისა, შეადგენს საფუძველს ათეროკლეროზის პროფილაქტიკისა. ათეროსკლეროზის კლინიკური სურათი. კლინიკური სურათი დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციასა და გავრცელებაზე, მაგრამ ყოველთვის (გარდა აორტის ათეროსკლეროზისა) განისაზღვრება ქსოვილის ან ორგანოს იშემიის გამოვლინებებით და შედეგებით, რაც დამოკიდებულია როგორც მაგისტრალური არტერიების სანათურის შევიწროების ხარისხზე, ასევე კოლატერალების განვითარებაზე. დიაგნოზი ეფუძნება ცალკეული სისხლძარღვოვანი მიდამოების ან არტერიების დაზიანების ნიშნებს. ყველაზე უფრო ადრე, როგორც წესი, ათეროსკლეროზით ზიანდება აორტა, განსაკუთრებით მისი აბდომინური ნაწილი. ათეროსკლეროზის დამახასიათებელი გამოვლინებაა მიოკარდის ტრანსმურალური ინფარქტი. დიაგნოზის საფუძველს იძლევა აგრეთვე რომელიმე მაგისტრალური არტერიებისა და გულის არტერიების სტენოზის ნიშნების შერწყმა; ათეროსკლეროზი ხშირია მოზრდილი ასაკის პირებში, რომლებიც გაცილებით უფროსად გამოიყურებიან; ასევე ათეროსკლეროზითა და ჰიპერტონული დაავადებით დამძიმებული მემკვიდრულობის დროს. საჭიროა გათვალისწინებული იყოს აგრეთვე რისკფაქტორების არსებობა. ათეროსკლეროზის მკურნალობის ძირითადი პრინციპებია: 1. რეგულარული კუნთოვანი მოქმედება (ნებისმიერი ფორმით), ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით; ვარჯიშების დოზირების რეკომენდაციას იძლევა ექიმი. 2. რაციონალური კვება საკვებში მცენარეული ცხიმების უპირატესი გამოყენებით, რომელიც გამდიდრებულია ვიტამინებით და გამორიცხავს სხეულის მასის მატებას; 3. სხეულის ჭარბი მასის დროს მისი დაკლება ოპტიმალურ დონემდე; 4. დეფეკაციის კონტროლი; 5. თანმხლები დაავადებების სისტემატური მკურნალობა, განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის; ათეროსკლეროზული პროცესის მედიკამენტოზური თერაპია ჯერ – ჯერობით მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.

კომენტარის დამატება