დღეს ვისაუბრებთ სეფსისის შესახებ. . – სეფსისის დროს უმეტესად ასეთი რამ ხდება: ინფექციის პირველადი კერიდან გამომწვევები ჰემატოგენურ დისემინაციას განიცდიან (ანუ სისხლის მეშვეობით ვრცელდებიან, მოითესებიან) მთელ ორგანიზმში, ცალკეულ ორგანოებსა და სისტემებში, რის გამოც დაავადება მძიმე და პროგრესირებად მიმდინარეობას იძენს. დაავადება სხვადასხვა შემთხვევაში და სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს.მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის, სამეანო-გინეკოლოგიური, აგრეთვე – სხვა სახის ინტერვენციული ჩარევისა თუ მანიპულაციის შედეგად. – გამოდის, რომ ის უმეტესად არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენების, საზოგადოდ, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაუცველობის შედეგად მიღებული მძიმე გართულებაა… – სეფსისის გამომწვევ მიზეზთაგან მხოლოდ არასტერილურობის ფაქტორის განხილვა არ იქნება მართებული. ინფექციური პროცესის განვითარებისთვის არ არის აუცილებელი მაინცდამაინც არასტერილური ინსტრუმენტის გამოყენება, მით უმეტეს, დღეს ყველაფერი ერთჯერადია. დასუსტებულ ორგანიზმში ინფექციის გამომწვევები შესაძლოა კანიდანაც შეიჭრან მისი უმნიშვნელო დაზიანებისას, თუნდაც გაკაწვრისას. მოგეხსენებათ, ადამიანის კანზე ყოველთვის არიან ბაქტერიათა განსაზღვრული კოლონიები. ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და ცხოველმყოფელობენ, მაგრამ რაიმე მიზეზით შესაძლოა სისხლში აღმოჩნდნენ. ინფექცია არათუ ჭრილობიდან ან ნაკაწრიდან, არამედ კანზე არსებული უმცირესი მუწუკიდანაც კი შეიძლება გავრცელდეს და ელვისებური ფორმის გენერალიზებული სეფსისი გამოიწვიოს. ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცეს დაჩირქებული ნუშურები (ტონზილები), დაზიანებული კბილი, ფურუნკული, კარბუნკული, ამა თუ იმ ორგანოში არსებული ჩირქგროვა, ამა თუ იმ ქსოვილში არსებული ინფექციის კერა. აქედან გამომდინარე განასხვავებენ სამეანო-გინეკოლოგიურ, ოტოგენურ (ყურიდან განვითარებულ), ქირურგიული ჩარევისა და სადიაგნოსტიკო მანიპულაციების შემდგომ განვითარებულ სეფსისს, აგრეთვე დაავადების ორალურ ფორმას, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ტონზილურ და ოდონტოგენურ სეფსისად. ინფიცირება ზოგჯერ ენდოგენურია (ანუ შინაგანი). ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის შიგნით არსებული კერიდან ან თუნდაც მათთვის ჩვეული გარემოდან, მაგალითად, ნაწლავებიდან, გამომწვევები რაიმე მიზეზით სისხლში ხვდებიან. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაწლავებში მუდმივად არსებობენ და ცხოველმყოფელობენ სხვადასხვა სახის ბაქტერიები. ისინი მონაწილეობენ საჭმლის მონელების, ასევე ვიტამინებისა და ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების სინთეზში. ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები ორგანიზმის დასუსტების გამო ზოგჯერ მათთვის ჩვეული გარემოდან გადიან და სისხლში ხვდებიან. ამ პათოლოგიის დროს ყოველი წუთი ძვირფასია და სათანადო მკურნალობაც დროულად უნდა დაიწყოს. სამწუხაროდ, პაციენტები ისედაც უკიდურესად დამძიმებული მდგომარეობით მიმართავენ ექიმს.
