ალბათ ყველას გინახავთ ამობურცული ადგილი კანზე, ხალხში რუსული ენის გავლენით ცხიმგროვას (ჟირავიკს) რომ ეძახიან. ეს კრებითი სახელი სხვადასხვა ბუნების წარმონაქმნებს: ლიპომას, ათერომას, ჰიგრომას – აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა საშიში არ არის, პაციენტთა უმრავლესობას სურს მიიღოს პასუხი ერთ კითხვაზე: მოვიშოროთ თუ არა ამგვარი წარმონაქმნი? ლიპომა ცხიმოვანი ქსოვილისგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად კანში, კანქვეშ, კუნთებს შორის ლოკალიზდება. შედარებით იშვიათად გვხვდება სარძევე ჯირკვლებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებში, ფილტვებში, თირკმლის ირგვლივ არსებულ უჯრედისში, ექსტრაპერიტონულად, მიოკარდიუმში, ტვინის გარსებში, ძვლებში, ნერვულ ღეროებში, ქალას ღრუში, ღვიძლში, საშვილოსნოში. თუ ლიპომის შემადგენლობაში შემაერთებელი ქსოვილი უფრო მეტია, იგი შედარებით მკვრივია. თუ ფიბროზული ქსოვილი ჭარბობს, მას ფიბროლიპომას ეძახიან. ლიპომა ნელა იზრდება, აქვს თხელი ფიბროზული გარსი და არ არის მტკივნეული. იგი წარმოადგენს რბილი კონსისტენციის, უმეტესად მოძრავ კანქვეშა წარმონაქმნს. ლიპომების უმრავლესობა მცირე ზომის კანქვეშა კვანძია, რომლებსაც კოსმეტიკური მოსაზრებით იშორებენ, თუმცა შესაძლოა, დიდ ზომებსაც მიაღწიოს. ასე უმეტესად მაშინ ხდება, როცა ლიპომა დაფარულ ადგილასაა და პაციენტი არ ჩქარობს მის მოშორებას. ლიპომას უმეტესად კოსმეტიკური მიზეზით იშორებენ. თუ ის სახის ან სხეულის ღია ნაწილზე მდებარეობს, პაციენტი მალევე მოგვმართავს და ჩვენც მის მოშორებას ვურჩევთ. სხვა მხრივ მცირე ზომის ასიმპტომური ლიპომის ამოკვეთა აუცილებელი არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პაციენტი გამუდმებით მასზე ფიქრობს, ეშინია, რამე ცუდში არ გადაიზრადოს. ასეთ დროსაც მოცილებას ვამჯობინებთ, რათა პაციენტმა თავი მშვიდად იგრძნოს. დიაგნოსტიკისთვის უმეტესად ექიმთან ვიზიტი და ფიზიკალური გასინჯვაც საკმარისია. ლიპომის დიაგნოზის დასმა რთული არ არის, მაგრამ თუ ეჭვი გაგვიჩნდა – ლიპომა მეტისმეტად დიდია, ატიპურად მდებარეობს ან სხვა მიზეზის გამო ეჭვს ბადებს, პაციენტს ჯერ ექოსკოპიური გამოკვლევის, შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, ბიოფსიის ჩატარებას ვურჩევთ. ბიოფსია ზუსტ მონაცემებს გვაწვდის წარმონაქმნის უჯრედული შენების შესახებ. მართალია, ლიპომის გადაგვარების შანსი მცირეა, მაგრამ იშვიათად ამგვარი წარმონაქმნი ლიპოსარკომა აღმოჩნდება ხოლმე, ამიტომ საეჭვო შემთხვევაში თავის დაზღვევა ჯობია. სხვა გართულებები მოსალოდნელი არ არის. ლიპომა ძალიან იშვიათად ინფიცირდება. Ps: ფოტომასალა ეკუთვნის კლინიკა ,,NLI”-ს/. პირველ ფოტოზე ხედავთ ბარძწაყის მიდამოდან ამოკვეთილ დიდი ზომის ლიპომას.
